რუსული თავდასხმების გეოგრაფია და სისასტიკე არამხოლოდ ზოგჯერ, არამედ ყოველდღიურად, ყოველ ღამით გვიჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს პუტინი დიპლომატიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„უკვე რამდენიმე კვირაა, არსებობს ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ამ წინადადებაზე პასუხად, რუსული დრონები, რუსული ბომბები და ბალისტიკური იარაღი გამოიყენება. რუსეთი იმსახურებს მასზე ზეწოლის გაძლიერებას – ყველა მკაცრ ნაბიჯს, რამაც შეიძლება, შეასუსტოს რუსეთის ომის წარმოების უნარი და ამ სისტემის მხარდაჭერა, რომელსაც გარდა ომისა, არაფერი სურს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა და ერთიანობა ყველა პარტნიორს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინას.
„ალექსანდრ სტუბმა ისაუბრა აშშ-ში ვიზიტზე და ამერიკის პრეზიდენტთან საუბარზე. უკრაინა მზადაა, იმოქმედოს ამერიკასთან ერთად მაქსიმალურად სწრაფად. უკრაინა იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და ყველა სხვა პარტნიორი, რომლებსაც რეალურად სურთ მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება, გამოიყენებენ ყველა საჭირო ინსტრუმენტს. დიპლომატიის წარმატება ყველას სჭირდება, გარდა პუტინისა. ამიტომ, მასზე ზეწოლაა საჭირო დიპლომატიის წარმატებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრძელდება კომუნიკაცია ამერიკასთან იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედონ ერთად ომის დასასრულებლად.
„მსოფლომ იცის, რომ მხოლოდ რუსეთია მიზეზი იმისა, თუ რატომ გრძელდება ომი ამდენი წელი. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, ხოლო უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული მათთვის, ვისაც რუსეთი დაესხა თავს – უკრაინელებისთვის და ყველა ევროპელისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.