რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.