უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ აშშ მალე გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „ენერგეტიკული ზავის“ დარღვევის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რუსები არღვევენ იმას, რასაც ისინი ამერიკას დაჰპირდნენ – ყოველ შემთხვევაში, რაც ამერიკამ ჩვენ გვითხრა და საჯაროდ განაცხადა. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა სხვადასხვა დონეზე აშშ-ს აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის თაობაზე.
„გვსურს, რომ გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები. ჩვენთვის სიტყვები საკმარისი არ არის, მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორების მიმართ პატივისცემისა. ჩვენთვის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა იმ ქვეყნებთან პირველი შეხვედრა, რომლებიც, მისივე განმარტებით, მზად არიან, უკრაინის ტერიტორიაზე პოტენციური სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებისთვის.
როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პარასკევს, 4 აპრილს გაიმართება ამ ქვეყნების სამხედრო გუნდების შეხვედრა.
„ეს იქნება პირველი შეხვედრა. მანამდე იყო კონსულტაციები, მაგრამ ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ მოვისმენთ გარკვეულ განმარტებებს და დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის საფუძველი იქნება უკრაინული მხარის მიერ მომზადებულ წინადადებები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მინერალების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტში არ არის არანაირი მითითება ნატო-ს შესახებ. თუმცა, მისივე თქმით, ეს შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას.