სამშაბათი, აპრილი 29, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის

პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, როცა რუსული მხარე მოლაპარაკებებზე საუბრობს, ისინი ტყუიან, რადგან ამ დროს რაკეტებით ესხმიან თავს უკრაინას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, შეუწყობს თუ არა ხელს პუტინთან შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას.

„ჩემთვის საინტერესო არ არის. არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში, ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სააკაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების

ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

დონალდ ტრამპი – მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები

მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას დიდ სამსახურს უწევს.„მე ვფიქრობ, რომ ამ ერს გადარჩენაში ვეხმარები. ვფიქრობ, ეს ქვეყანა მალე განადგურდება. რუსეთი დიდი სამხედრო მანქანაა. მოდით, ვაღიაროთ ეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ. მე ამის მჯერა“, – განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, „იყო თუ არა რაიმე, რასაც პუტინი გააკეთებდა და რაც გამოიწვევდა იმას, რომ განაცხადებდა – „ზელენსკის მხარეს“ იყო“, ტრამპმა უპასუხა: „არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, მაგრამ უკრაინის მხარეს, დიახ. არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს. მე ზელენსკისთან რთული ურთიერთობა მქონდა“.დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრა გაიხსენა.„მას მხოლოდ ჩუმად ყოფნა სჭირდებოდა. მან, თავისი აზრით, გაიმარჯვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა „კარგი“, როცა მე განცხადება გავაკეთე და ვთქვი: „ჩვენ ვმუშაობთ ამის გადასაჭრელად. ჩვენ ვცდილობთ დახმარებას“, მან თქვა: „არა, არა, ჩვენ უსაფრთხოებაც გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის თქმით, ზელენსკის შეეძლო თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მაგრამ მათ ჯერ „ომის საკითხის მოგვარება“ სჭირდებოდათ.„ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, პრაქტიკულად, ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ საბოლოო ეტაპზე ვართ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სუს-ის ანგარიში – დეზინფორმაციულ კამპანიებში, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეცსამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის შესაძლებლობები

რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.სუს-ის ანგარიშის თანახმად, აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები.„2024 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობით და ეკონომიკური გამოწვევებით, რაც უკავშირდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გაზარდა დაპირისპირების გლობალურ მასშტაბში გადაზრდის რისკი, გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რყევები და შეაფერხა ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების ფუნქციონირება. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგებმა საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას, საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში გააჩინა ახალი მიდგომები და ტენდენციები, იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწოდებული არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები.2024 წელს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით დაფიქსირებულმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ წარმოაჩინა, რომ „რბოლა ხელოვნური ინტელექტისთვის“ გადაიქცა სახელმწიფოებს შორის კონკურენციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და მასში უპირატესობის მოპოვება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გავლენებს. ასევე, მათ ხელში აღმოჩნდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური თუ რეგიონული დომინირებისთვის.არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს მიმართ – შენარჩუნებული, ხოლო რიგ შემთხვევაში გაზრდილი იყო საფრთხეების დონე. ასევე, გამოიკვეთა უცხოური ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დესტრუქციული საქმიანობის ახალი მიმართულებები და ტენდენციები, რის წინააღმდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპლექსური ღონისძიებების გატარება უწევდა.წარმოდგენილ ანგარიშში მიმოხილულია 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.საქართველოს სახელმწიფოსთვის, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები.მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომლებშიც, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.ანგარიშის მიხედვით, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.„გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები არ განხორციელებულა და საქართველო კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში. საქართველოს წინაშე მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო შიდა და გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია და აღკვეთა, სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ მიმართულებებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. 2024 წელს სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად საფუძვლიანი გამოძიება დაიწყება

ევროკომისია ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად საფუძვლიან გამოძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ ევროკომისარმა დენ იორგენსენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.იორგენსენის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა „ევროპაში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმეა“.„მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ ესპანეთსა და პორტუგალია“, – წერს იორგენსენი.შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჩერდა მატარებლების მოძრაობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო რეისები. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლაც. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ორივე ქვეყანაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამჟამად ორივე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა, თუმცა ტრანსპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს. 

ალექსანდრე ტაბატაძე – ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა

ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, საქართველოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სიძლიერე, მდგრადობა მნიშვნელოვანია.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პირველი ნაწილი სწორედ ოკუპაციის საკითხით იწყება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უპირველესი გამოწვევაა – საქართველოს 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვალხილულია, რასაც საზოგადოება ხედავს – აგრესიას და იმ მოვლენებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ხდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჰიბრიდული ომის ნაწილში ყოველთვის აქვს გამოწვევა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო. პროვოკაციის მცდელობები იყო და სწორედ ამიტომ ვახსენებ სუს-ის გამართულ მუშაობას. ჩვენ შევძელით და თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, სახელმწიფოში გადატრიალების მცდელობები. სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანაც ამაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსთვის მძიმე, არასასურველი შედეგი ვიდრე დადგება, იქამდე პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და სახელმწიფოს საშიშროება არ დაემუქროს. ბევრჯერ ისმის კითხვა, რა არის გამოძიების შედეგი? გამოძიების მიზანი ხომ არ არის, ვინმეს მიმართ რეპრესიული ღონისძიებები გამოიჩინოს? გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, თავიდან აიცილოს ესა თუ ის დანაშაული. სწორედ ამგვარ ქმედებებზეა საუბარი, როცა ვამბობთ, რომ სუს-ი ერთ-ერთი ძლიერი სამსახურია. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, სწორედ ამ სამსახურების სიძლიერე, მდგრადობაა მნიშვნელოვანი. ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს, რადგან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ბოლო სიახლეები