ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის „მზად იყო რუსებთან სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ამ კვირაში“.
„ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-ისთვის უნდა გადაეხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც რას უნდა ამბობდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არ სურს 100 მილიარდის ოდენობის ვალის აღიარება, რადგან არ თვლის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად. ზელენსკის თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები უკრაინას ავალდებულებს ორჯერ მეტი თანხის დაბრუნებას, ვიდრე აშშ უკრაინას მისცემს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეადარა უკრაინისთვის გაწეული დახმარება ისრაელის შემთხვევას და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ უსამართლო მიდგომაა.
„მე არ მოვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის სიტყვებზე, რომელმაც მას „დიქტატორი“ უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის ნაწყენი ამ განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ გახდება დიქტატორი.
„აქ ემოციების ადგილი არ არის. მე პრაგმატული მიდგომა მაქვს აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში და ასე გავაგრძელებ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვებს ჩემ მიმართ კომპლიმენტებს ვერ დავარქმევდი, რბილად რომ ვთქვათ. მე ასე მესმის ეს. მაგრამ რატომ უნდა გვეწყინოს? სიტყვა „დიქტატორი“ შეიძლება, მას ეწყინოს, ვინც დიქტატორია. მე კი ამას ასე აღვიქვამ – რა გაეწყობა, როგორღაც ვიცხოვრებთ აშშ-თან ერთად. დიქტატორები ნამდვილად არ გავხდებით. ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, არანაირი ძალით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, პარლამენტარებიც, რომლებიც იმავე დროს მოვიდნენ, არავის დაუნიშნავს, პარლამენტი აირჩია უკრაინის ხალხმა. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში იყოს „ათწლეულები“, მაგრამ არც რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიაზე.
„სიტყვები კი უბრალოდ გაივლის. შესაძლოა, ოდესმე რაიმე კარგიც თქვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე უკრაინელები, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე ამერიკელები.