ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.
„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.
ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.
„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.