უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლუკაშენკო ბოდიშს იხდიდა უკრაინაზე ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელებული დარტყმების გამო. პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის ესაუბრა ბელარუსის ლიდერს. ზელენსკის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბოდიშს იხდიდა და არწმუნებდა, რომ მას არ ჰქონდა კავშირი იმასთან, რომ პუტინმა ბელარუსი გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის.
„მე მას ვუთხარი, რომ ისიც მკვლელია, ის კი მეუბნებოდა: „გაიგე, რუსებთან ომი არ შეიძლება“. ვეუბნებოდი მას: „როგორ დაუშვი ეს?“ ის ამბობდა: „კარგი, დაარტყი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, შენ ხომ იცი, რამდენს ნიშნავს ის ჩემთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ბიბისის“ ცნობით, ბელარუსში მდებარე მოზირის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც რუსეთის არმიისთვის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და მიმწოდებელია, მუშაობა შეაჩერა გასული წლის 15 ივლისს, ოფიციალური ვერსიით, ქარიშხლის გამო. თუმცა უკრაინული მედია წერდა, რომ მისი მუშაობის შეჩერების მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმები გახდა.