უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი.
„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.
„მთელი მსოფლიო როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან ელოდება უბრალო პასუხს – „დიახ“, ის განაგრძობს უკრაინის დაბომბვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.