უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თუ არ მოისურვებს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა გამოიყენოს სანქციები და უკრაინას გადასცეს ყველა იარაღი, რასაც მოითხოვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში, საერთაშორისო მედიასაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, „როგორი ზეწოლა უნდა განახორციელოს დონალდ ტრამპმა რუსეთზე, რათა ვლადიმერ პუტინი რეალურად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან?“.
„ტრამპს შეუძლია, რეალურად გამოიყენოს სანქციები. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს, ის ბიზნესმენია. ის ამაში ძალიან კარგად ერკვევა. ამოიღოს მაქსიმალური მოცულობა ენერგეტიკიდან, შეამციროს მსოფლიო ფასი (ენერგორესურსებზე) და ის ამას გააკეთებს ყოველგვარი შეთავაზების გარეშე. ის თვითონ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ „ის თუ არ შეწყვეტს ომს, გადასცემს უკრაინას ყველა იარაღს, რასაც უკრაინა მოითხოვს“.
„რა თქმა უნდა, არა ბირთვულს“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.