უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულოს, თუ უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანას დათანხმდება.
„ამერიკელები მზად არიან ეს გარანტიები უმაღლეს დონეზე დააფიქსირონ, როგორც კი უკრაინა მზად იქნება დონბასიდან ჯარების გაყვანისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ირანთან კონფლიქტზეა კონცენტრირებული, რის გამოც ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა ომი სწრაფად დასრულდეს.
ზელენსკის შეფასებით, რუსეთი, რომელიც უკრაინული ჯარების აღმოსავლეთიდან გაყვანას ითხოვს, იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ვაშინგტონი დაკარგავს ინტერესს მოლაპარაკებების მიმართ და საბოლოოდ პროცესიდან გავა.
აღსანიშნავია, რომ იანვარში გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის დამოკიდებული იქნება იმაზე, დათანხმდება თუ არა კიევი დონბასიდან ჯარების სრულად გაყვანას. მაშინ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

