უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე კვირას გაიმართება.
„უკვე შეთანხმებულია სამმხრივი შეხვედრის ჩატარება შესაბამის დონეზე. ეს შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო, ოთხშაბათს და ხუთშაბათს“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან შეხვედრაც ჩანიშნა მოლაპარაკებების ფორმატზე და სხვა დეტალებზე სასაუბროდ.
„ორშაბათს საღამოს გუნდი უკვე მოლაპარაკებებისკენ გზაში იქნება. ამ პროცესში ჩვენთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე ვახდენთ კოორდინაციას. თებერვალი ჩვენი მხრიდან საკმაოდ ინტენსიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის პერიოდი იქნება. ხვალიდან კონტაქტები და შეხვედრები დაიწყება. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკული მხარეც ისეთივე აქტიური იქნება, განსაკუთრებით დეესკალაციის ზომების – დარტყმების შემცირების – კუთხით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს შეერთებული შტატები, რათა ხალხი ენდოს როგორც პროცესს, ასევე შედეგებს“,- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

