ორშაბათი, აპრილი 6, 2026

ვნების შვიდეული დაიწყო – რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ ვნების შვიდეულის მნიშვნელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ვნების შვიდეული ეწოდება  დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ბ) დიდი ხუთშაბათი

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).

დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ აღარ იკითხება.

გ) დიდი პარასკევი

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.

ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

დ) დიდი შაბათი

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!

ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი – აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას – იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.

იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.

დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“ (II ფს. 1, 2).

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.“ – ვკითხულობთ სტატიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

„მონობის აჩრდილი“: როგორ აფასებენ ვითარებას პუტინის ოლიგარქები

„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, - აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ - BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება - ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს. „ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული - იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“. „როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“ მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა - რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“. „ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“ ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“. „რუსეთი ფატალურად იგვიანებს“ დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს - ამერიკულ ირემს - რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“. „დესტაბილიზაცია შიგნიდან“ პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ისრაელელი ბედნიერია აშშ-ის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

ყველა ისრაელელი ბედნიერია ამერიკის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი პილოტის გადარჩენა მიულოცა.„ეს ადასტურებს, რომ თავისუფალი საზოგადოებები როცა იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ, ერთი შეხედვით, გადაულახავ სირთულეებს და დაძლიონ სიბნელის, ტერორის ძალები. ამერიკელი პილოტის გადარჩენა აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება გვერდით. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში. როგორც ერმა, რომელმაც არაერთხელ განახორციელა გაბედული სამაშველო ოპერაციები, ისრაელელებმა და მე ვიცით, რა გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გამარჯვება აშშ-ს.

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

რომის პაპი – ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილით აღსავსე სამყაროს, ყველას გიწვევთ, 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის

რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.„მოდით, გავაგონოთ მშვიდობისთვის აღმართული ვედრება, რომელიც გულიდან მოდის. სწორედ ამიტომ, ყველას გიწვევთ, შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის, რომელსაც მომავალ შაბათს, 11 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე გავმართავთ. ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ მტრობის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილითა და გულგრილობით აღსავსე სამყაროს, რომელიც გვაიძულებს, ბოროტების წინაშე უძლურებად ვიგრძნოთ თავი“, – აღნიშნა ლეო XIV-მ.ცნობისთვის, ლეო XIV-მ სააღდგომო მესა პირველად ჩაატარა.

ბოლო სიახლეები