რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.
„განხორციელდეს 2025 წლის პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 160 000 ადამიანის რაოდენობით“, – ნათქვამია ბრძანებაში.
რუსული მედიის ცნობით, გასულ წელს საგაზაფხულო გაწვევა ვრცელდებოდა 150 ათას ადამიანზე, 2023 წელს – 147 ათას ადამიანზე, 2022 წელს – 134,5 ათას ადამიანზე. ზრდა დაკავშირებულია პუტინის ბრძანების რეალიზაციასთან რუსეთის არმიის რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ.
2022 წლის დასაწყისში რუსეთში იყო დაახლოებით ერთი მლნ სამხედრო მოსამსახურე. სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის არმიის საშტატო რაოდენობა გაიზარდა 1,5 მილიონ ადამიანამდე. გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა გასულ წელს 27-დან 30 წლამდე. ქვედა ზღვარი, რუსეთის ხელისუფლების თავდაპირველი დაპირებების მიუხედავად, რომ ისიც გაიზრდებოდა, დარჩა უცვლელი – 18 წელი.