უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა.
„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავად შეერთებული შტატების ეკონომიკას.
„მეეჭვება, ტრამპმა მიიღოს ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს მიაყენებს ამერიკის ეკონომიკას. ის არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ პრაგმატულიცაა. ჩემთვის რთული წარმოსადგენია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს მიაყენებს კონკრეტულად ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ტრამპთან შეხვედრას, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. „ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებს ერთობლივი მუშაობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ „მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მიუთითა ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების აკრძალვაზე“.
„როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რომელიც მანამდე საკმაოდ ლეგიტიმური სახელმწიფოს მეთაური იყო, გამოსცა დეკრეტი მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ. მაშინ როგორ შეიძლება მოლაპარაკებების განახლება, თუ ისინი აკრძალულია?“ – განაცხადა პუტინმა.