„მე არ მომეწონა, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში რომ გადავიდა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარულმა ქართველმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა.
„ჯერ ჩემპიონატები შევადაროთ. მე ვარ რეალისტი და ჩემთვის საფრანგეთის ჩემპიონატი არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ხვიჩა თუ არ თამაშობს, საფრანგეთის ლიგის მატჩს ვუყურო. ახლაც მხოლოდ მაგის ხათრით ვუყურებ.
ეს დაახლოებით ისეთივე ამბავია, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ სრული დომინაცია. კარგი ის არის, რომ პსჟ-ში ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ითამაშებს, თორემ გახსოვთ, ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ რომ გადავიდა? კი არ გაიზარდა, რეგრესი განიცადა. ისიც ფაქტია, რომ მესი ჩავიდა და მანაც ვერაფერი გააკეთა.
მეორე თემასაც შევეხები – რომ დავინახე, ხვიჩას ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებდნენ, გამიკვირდა. იტალიაში ის ფლანგზე თამაშობდა, რაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციაა და სხვა უნარებს მოითხოვს. როგორც შენგელია ვერ იქნებოდა გამორჩეული ფლანგზე ან დათო ყიფიანის პოზიციაზე, ასე ვერ ითამაშებდა ცენტრფორვარდად გუცაევიც – ამავეს ვფიქრობ კვარაცხელიაზეც.
ხვიჩა მარცხენა გარემარბია. თუ გინდა, რომ მისი საუკეთესო ვარიანტი იხილო, თავის ადგილზე უნდა ათამაშო. მაგრამ იქ უკვე არის ბარკოლა, ამიტომ ლუის ენრიკე კვარაცხელიასთვის პოზიციის ძიებაშია – ხან სად ათამაშებს და ხან სად“, – განაცხადა გუცაევმა.