პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.
როგორც კომისიის სხდომაზე ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილი მას და სხვა მაჟორიტარებს შეხვედრაზე დაემუქრა.
„ერთხელ სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. შეხვედრაზე რომ შევედით, სააკაშვილი თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და გვეუბნებოდა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო და დღეს საუბრობენ რაღაც ტყვიებზე, დათვის ტყვიებზე თუ რაღაცაზე, მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე. 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს ჰკითხა, რატომ დასჭირდა სააკაშვილს ამისი თქმა, რაზეც ჯაფარიძემ აღნიშნა:
„ჩემთან მიმართებით ამისი თქმა დასჭირდებოდა, რადგან სულ პრობლემებს ვქმნიდით. პრინციპში, იქ არც ლაშა ნარჩემაშვილი იყო მორჩილი. რამდენჯერმე ასევე იურიდიულ კომიტეტზე მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლები“.
ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
„ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა, დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი მთლიან ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.