როდესაც მოვისმინე „ლელოს“ განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას, ვერც არსს, ვერც დანიშნულებას , – ასე ეხმაურება „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი “ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ლელოს“ განცხადებაზე „ქართულმა ოცნების“ გამოხმაურებამ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც დღეს [„ლელოს“ განცხადებაზე] კომენტარები გააკეთეს, პირადად ჩემი სახელით უნდა ვუთხრა, აგაშენოთ ღმერთმა. ამან გააუქმა და მოსპო საჭიროება, რომ ვრცლად დავაკომენტარო „ლელოს“ განცხადება. ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო. გუშინ, როდესაც მოვისმინე ეს განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას,ვერც არსს, ვერც დანიშნულებას.მაგრამ დღეს აზრის განვრცობის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბოლო პერიოდში „ოცნების“ მმართველობის ხაზი ორი ნიშნით ხასიათდება: ქაოსი და ექსტრემიზმი.
“„ქართული ოცნების“ [პოლიტიკური] ხაზი ორი ნიშნით შეიძლება დავახასიათოთ: ეს არის ქაოსი და ექსტრემიზმი. მათი ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ პირობებში ქაოსი, ექსტრემიზმთან შერწყმით, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში შფოთის, მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრავმის მიყენება.
რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, პრესკონფერენცია, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატად იქცა. რამდენიმე ლიდერია, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. არის რამდენიმე, ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს, ეს ურთიერთგაკვირვება არ მთავრდება“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ცნობისთვის, “ლელო – ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

