უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსული ნავთობის „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით მიღება უნგრეთისთვის ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთში ნავთობის მიწოდების აღდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ირანის მონაწილეობით ომმა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელობა გააორმაგა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, უნგრეთში ნავთობის მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს,“ – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, ირანი მსოფლიოს დიდი რაოდენობით ნავთობს აწვდის და ომი თუ იქნება, ის მის მიწოდებას ვეღარ შეძლებს.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ირანი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ საზღვაო გზას აკონტროლებს, ომის შემთხვევაში კი ორბანის თქმით, შესაძლოა, კონტროლის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„სერიოზული ომის წინაშე ვდგავართ, რაც იქ ნავთობის წარმოების პარალიზებას გამოიწვევს და ტრანსპორტირებასაც გაართულებს. დიდი ალბათობით, ირანის ომის გამო „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელობა გაორმაგდება,“ – აღნიშნავს ორბანი.

