ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ევროპას ახალი პატრიოტული ხელმძღვანელობა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში იანოშ ჰუნიადის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.
ვიქტორ ორბანმა ევროკომისიიდან – „ჯორჯ სოროსის ქსელის აგენტების“, ევროპარლამენტიდან კი კორუმპირებული ლობისტების გაძევება მოითხოვა და ევროკავშირის პოლიტიკაში უცხოური ფულის გავლენების დაუშვებლობის მოწოდებით გამოვიდა.
„არ შეიძლება, ევროკავშირი იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც მიმართულია ეროვნული მთავრობების შესუსტებისკენ“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე გლობალური ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
„ბრიუსელში „პროგრესული ერა“ დასრულდა. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა ხორციელდება. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენ თვალწინ დაიშლება“, – განაცხადა ორბანმა.