უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს.
გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა.
„საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო ადვილი იყო. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა.
„არანაირი იარაღი არ იქნებოდა საკმარისი. დასავლეთს ამ ომის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინაში თავის ჯარისკაცებს გააგზავნის. ეს კი გამოვრიცხეთ. უკრაინელებს უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი ჯარისკაცები. აი, რატომ არის ახლა ტრამპი საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს.
„არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მორალურად არ არის სწორი მოლაპარაკებების წარმოება. ეს აბსურდია. ეს არის ის, რაც ომში უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“, – განაცხადა ორბანმა.