არაფორმალურ შეხვედრებზე ევროპელ პარლამენტარებთან მქონია საუბარი, რომ, მაგალითად, არ გვაინტერესებს, მერაბიშვილი დამნაშავეა თუ არაო, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის გარეთ იყოსო, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
„ეს არ დაწყებულა 2014, 2015 და არც 2016 წლებში. ჩვენ ჯერ კიდევ ახალი მისული ვიყავით, როდესაც მთელი ძალისხმევით ვცდილობდით, მაქსიმალური ინტეგრირება მოგვეხდინა, მაქსიმალური წარმატებები გვქონოდა ამ გზაზე, როგორც რეფორმების, ასევე პოლიტიკურ კონტექსტშიც. მაქსიმალურს ვითხოვდით, მიგვიღეთ, საქართველო მზად ვართ ამისთვის. იმ პერიოდში არ ვითხოვდით, ეს მიღება არაადეკვატური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა რეფორმა, მზად ვართ, ამ გზაზე ვიყოთ ბოლომდე, ოღონდ პოლიტიკურად რაღაც ერთგვარი სიგნალი მაინც მიგვეღო ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ამის პერსპექტივა გვქონდა. ამ დროს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ რუსული ხელისუფლება ხარ და ოლიგარქიული ხელისუფლება ხარო, ეს ძალიან გულდასაწყვეტია.
მე პირადად, არაფორმალურ ვითარებაში მქონდა ძალიან ბვერი შეხვედრები და გასაუბრებები ევროპელ პარლამენტარებთანაც კი. არაფორმალურ ვითარებას ვგულისხმობ, ამიტომ თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. მიკითხავს მათთვის მეგობრულად, თქვენ განგვიხილავთ ჩვენ, ჯერ არ დაგვიწყია და ჯერ არ შევსულვართ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში, რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეული პრობლემა, რაზე გველაპარაკებით, რატომ გაჩნდა ეჭვი, ეს არის მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება, გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ, პასუხი გაგცეთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით, მაგალითად, მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, იგი დამნაშავე არის თუ არა. მე ასეთი საუბარიც მქონია. საერთოდ არ მაინტერესებს, ის დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის EPP-ის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გარეთო. აი, ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მე გეუბნებით ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა ვიღაცის მონაყოლს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.