საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს – თამაში 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვაზებთ.
მატჩამდე „ჯვაროსნებმა“ სოფიაში ივარჯიშეს, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი -„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება.
ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, შეიძლება, თამაშის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მაგრამ ნაკრებში ყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დებიუტანტი ილია ბერიაშვილიც კარგად შეეწყობა გუნდს.
მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მოედანზე ყოველთვის ქმნის განსხვავებას. იმედი მაქვს, ნაკრებს მალე დაუბრუნდება.
საქართველოს ნაკრებში 2021 წელს ჩავიბარე, როცა ბევრი გამოწვევა გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ და შედეგად, დიდ ტურნირზე ვითამაშეთ. ასეთი მიღწევის შემდეგ რთულია ხოლმე მოტივაციის მოძებნა, იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშსა და მუხტს მალე დავიბრუნებთ“.
ოთარ კიტეიშვილი – „ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ. მთავარია, სიტუაციის გამოსწორების გზები ვნახოთ და მალე გამოვასწოროთ, როგორ დავბრუნდეთ წარმატების გზაზე“.

