მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენს ჯგუფში არის გამოკვეთილი ლიდერი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება ამ გუნდთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია.
ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. საჭიროა, გქონდეს ამბიცია, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ჩვენი ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფერი პირველად ხდება, გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა საინტერესო სპორტი, სიურპრიზები ხდება.
არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხბურთელებთან გამართული საუბრის დეტალებზე აქ ვილაპარაკო, ეს შიდა საკითხი და გუნდში სამუშაო გარემოს ნაწილია. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფეხბურთელებს, არამედ უფრო იმ სისტემას, რომელიც ამ ფლანგზე უნდა მუშაობდეს.
მწვრთნელს შეუძლია გუნდის შემადგენლობის შეცვლა. მისი მთავარი დანიშნულებაა, იპოვოს სწორი ბალანსი და კომბინაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იდენტობაა, რაც მოედანზე უნდა გამოჩნდეს მთელი თამაშის განმავლობაში.
დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ ჩვენი სტილითა და თვისებებით შეგვიძლია მართლაც გამორჩეული შედეგის მიღწევა.
როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო – FM 102.3.