ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.
„ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტების მშვიდობიანი ხასიათი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.
მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მ შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით, რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად“, – აღნიშნა პატელმა.