კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტანდარტულ დიპლომატიურ ფორმად აფასებს.
როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, წერილის შინაარსი იმ ტიპურ ტექსტს შეესაბამება, რომელსაც ამერიკის სხვა პრეზიდენტები მსგავს თარიღებთან დაკავშირებით აგზავნიან.
„თუ ნახავთ მსგავს თარიღებთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ხმალაძემ ასევე შეადარა ტრამპის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა:
„შევადაროთ ერთმანეთს მარკო რუბიოს განცხადება და დღევანდელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. პრეზიდენტ ტრამპის წერილი – თუ ნახავთ ასეთ თარიღთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა. პრეზიდენტმა მიულოცა პრეზიდენტს, თუმცა პირობებში, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია და მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, ხშირად ასეთი წერილები იგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისადმი დღეს გამოგზავნილი წერილი, ჩემი აზრით, იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება.
რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი. ისევ როგორც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მილოცვაში შინაარსია არსებითი. ორივე განცხადებაში, ისინი ქართველ ხალხს მიმართავდნენ და აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის დამსახურებას და არა ხელისუფლების“,- განაცხადა ხმალაძემ.