თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
ცნობისთვის, სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.