კვირა, იანვარი 12, 2025

ვასილ მაღლაფერიძე – ღია წერილი ყოფილ მეგობარს

შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ, რადგან თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სახელწოდებით – „ღია წერილი ყოფილ მეგობარს“.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თანადასანქცირებულთაგან ყველას უდასტურებს პატივისცემას და ამ სიაში მისი ყოფნა დიდი პატივია.

„ღია წერილი ყოფილ მეგობარს.

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის და, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – რადგან თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს.

უნდა გითხრა და გაგაწბილო, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, თუმცა თანადასანქცირებულთაგან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა.

არც ამ დასანქცირების მომთხოვნ კონგრესმენებთან მაქვს პრეტენზია, რადგან, საკუთარ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, მაინც მოიცალეს და მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ესე იგი, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ, ეს ჰგონიათ სწორი საქციელი და რა გაეწყობა?!

მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ერთი დაპატიჟებით სტუმრად არ მიდიან და თუ დამასანქცირებენ, აღარ ჩავალ მათთან და ეგ იქნება, თუმცა ჩემს კარს ღიას დავტოვებ – საქართველოში სტუმარი ღვთისაა!

თუმცა, პატივცემულ კონგრესმენებს მოკრძალებით ერთს კი შევკადრებ, რჩევა ბატონი ჰოლდენ კოლფილდისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად ურჩევდა, რომ ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოეწერათ (თუ ვინმემ აქამომდე არ იცოდა – დასანქცირების მოთხოვნა სინამდვილეში საქართველოშია დაწერილი და კონგრესმენებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს).

ჩემო ყოფილო მეგობარო, ხომ გახსოვს, ბოლშევიკები რეპრსიებს რითი ამართლებდნენ?! ხალხის მტრები კომუნიზმის აშენებაში და ამქვეყნად სამოთხის დამყარებაში გვიშლიან ხელსო.

მაგიდის უჯრაში ბაბუის და დიდი ბაბუის განაჩენები მიდევს – ხალხის ნათელი მომავლის გუშაგებმა ამხილეს, რომ გურჯაანში ვენახებს ანადგურებდნენ, სანქციებიც გამოუწერეს და სიძე-სიმამრი ორ კვირის ინტერვალით დახვრიტეს. წვრილშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოყარეს და დედაჩემი და დეიდაჩემი ასე ხალხის მტრის იარლიყით გაიზარდნენ. ეს ჯოჯოხეთი უამრავმა ქართულმა ოჯახმა გამოიარა. კომუნიზმი კი რატომღაც არ აშენდა, არც სამოთხე დამყარდა, სამაგიეროდ წლების შემდეგ ფარატინა ქაღალდი მოვიდა, შეგვეშალა, ტყუილად დაგვიხვრეტიაო.

ბაბუაჩემზე ვინც „დანოსი“ დაწერა, ან სახლი უნდოდა მისი, ან სამსახური, ან რაიმე ბოღმა ჰქონდა, იცოდა, რატომაც ასმენდა. ასეთები, ნათელი მომავლის აშენების საბაბით, ხან ეშაფოტზე ერეკებოდნენ ხალხის მტრებს, ხან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ხანაც კედელთან აყენებდნენ – მათ ქონებას კი ინაწილებდნენ. ასეთების რაობა გარკვეულია, ფულს და გამორჩენას ელიან, მათ მიმართ კითხვა არა მაქვს.

მაგრამ „დანოსჩიკი“ მარტო ვერაფერს გახდებოდა, სხვებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომელთაც თავი დაირწმუნეს, რომ ბაბუაჩემი ვენახებს ანადგურებდა, რადგან ასე აწყობდათ, ან შეეშინდათ, ან იქნებ, სულო ცოდვილო, ამ საქმიდან რაღაც ხეირს თავადაც ელოდნენ. ჰოდა, შერჩენილი სინდისის ნატამალი დაიმშვიდეს, ალბათ რაღაცას აშავებდნენ, თორემ ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩეკისტების მიერ აწიოკებული ოჯახიდან ქვაბი, ტაფა ან ტაშტი გააყოლეს ხელს და კომუნიზმის მშენებლობა განაგრძეს. დახვრეტილთა ცოდვა ამ სხვებზეც ისევეა, როგორც „თავად“ დანოსჩიკებზე.

მიბრძანდი საჯარო ბიბლიოთეკაში, გადახედე ოცდაათიანი წლების პრესას (მაშინ სოციალური ქსელები არ იყო) და ნახავ, როგორი აღტკინებით გმობენ ხალხის მტრებად შერაცხულ კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს და მშობლებსაც კი, რომლებიც ნათელი მომავლის მშენებლობაში უშლიან ხელს.

ოღონდ არ მითხრა, რომ დრო იყო ისეთი და რა უნდა ექნათო?! აგერ შენც ხომ დაიჯერე, თურმე ქვეყნის ღერძი გადავხარე, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი და ნათელი მომავლის მშენებლობაში გიშლი ხელს?!

პატივცემული კონგრესმენები არც შენ გიცნობენ და არც მე, სამაგიეროდ შენ, დიდი ხანია, მიცნობ, თუმცა მაინც კონგრესმენებს დაუჯერე! კონგრესმენები ტყუილად ხომ არ დამაბრალებდნენ, ღერძი გადახრაო?! კონგრესმენები ხომ შეუმცდარნი არიან და თუ ისინი გეტყვიან, რომ ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაუჯერო. თუმცა კონგრესმენებმა აქედან რა „დანოსის“ წერილიც მიიღეს, იმას დაადეს რეზოლუცია და აწი მოგიწევს ამ „დანოსის“ ავტორთა მეგობრობის ტვირთის ზიდვა.

თანაც რა კამფეტივით ბრალდებაა – „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრა“, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა, ასეთ რამეს რომ დაგაბრალებენ, თავად უნდა დაიხალო ტყვია შუბლში?

„დანოსის“ ავტორები სიხარულით დავლურს უვლიან, ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, კონგრესმენებმა სანქციების დაწესება მოითხოვესო, იმედი აქვთ (სულ ტყუილად!!!), ის დრო დაბრუნდება, როცა დასმენა და კედელთან მიყენება ერთი იყო და აქედან ხეირს ნახულობდნენ?!

მათი რაობა გარკვეულია! საკითხავი ის არის, შენ რა დაგემართა?!

ჩემო ყოფილო მეგობარო, მიმოიხედე შენს ირგვლივ, ვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავ, ადრე მათთან ერთად გავლის შეგრცხვებოდა?!

მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? ასეთი სულელი რომ არ ხარ?! აბა, კარგად დაფიქრდი, იქნებ კი არ დაიჯერე, არამედ თავი განზრახ დაირწმუნე, იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მოდურად გეჩვენა, იმიტომ, რომ ცოტა მიგაშინეს თუ სულმა წაგძლია და რაიმე სარგებელსაც ელი. ასეა თუ ისე, „დანოსჩიკთა“ თანამზრახველად იქეცი, მაქედან ვეღარ გამოხვალ!

აღთქმული სამოთხის მოლოდინში ერთხელ ხომ გამოგვიყენეს და ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და რამდენ ვერცხლად გიღირს გამოუცდელი ახალგაზრდების ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება? რამდენიმე კვირაღა დარჩა და ყველასთვის ნათელი გახდება, უკრაინული გზა რასაც მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი რომ გაცხადდება, მერე რას იტყვი, რა მექნა, დრო იყო ასეთიო?! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვერც „დანოსებით“ ააშენებ სამოთხეს და ნათელ მომავალს და ვერც ევროკავშირში შეხვალ.

ეს მსოფლიო ალიაქოთიც გადაივლის, სანქციებიც და მაქციებიც ყველას დაავიწყდება, დავავიწყდებით იმ კონგრესმენებსაც, რომელთაც არც არასდროს ვხსომებივართ. სამაგიეროდ, შენ არასდროს დაგავიწყდება „დანოსი“ რომლის თანამონაწილეც ხარ.

P.S. ჩემო საბრალო ყოფილო მეგობარო, ყოველი შემთხვევისთვის ეგ სანქცია შუბლზე მიიკარი, სადმე რომ არ დაგეკარგოს!“ – წერს მაღლაფერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების მოსანახულებლად მიემართებიან, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. ომბუდსმენის განცხადებით, მისი წარმომადგენლები მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული. „საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას. დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის. ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რათა ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება

კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არშესრულების გამო. „ვფიქრობ, შეერთებული შტატების სტრატეგიული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ბევრი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ის სტრატეგიის ნაწილი, ამის დაცვა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით“, – განაცხადა ცუკერბერგმა. გასული წლის ნოემბერში „მეტას“ კონგლომერატი, რომელიც მართავს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს და სხვა სოციალურ მედიასა და საკომუნიკაციო პლატფორმებს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 797 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. ცუკერბერგის თქმით, ევროკომისიის მიერ კონკურენციის წესები ამერიკული კომპანიებისთვის, ფაქტობრივად, „ტარიფის დაწესებას ნიშნავს“. მარკ ცუკერბერგის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია სიტუაციას ვერ გაუმკლავდა.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით, ისევ ჩვენ, ისევ თეატრის წინ, ისევ ქუჩიდან! ჩვენ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც 45-ე დღეა, შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში! ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები – ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში სხვა ახალგაზრდებთან ერთად. ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა! ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია იაფფასიანი შოუებით და მერე სასამართლომ – უხეირო, უნიჭო ბუფონადებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღეს. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა თავის ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს, დასრულდა! მიუხედავად იმისა, რომ, გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ, მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძის თავდებობა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო ამ ქვეყანაში არ არსებობს! ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ! მათ ჩვენი არ ესმით! აქამდე ჩვენ ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა. დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი, მოვითხოვთ, ამავე თატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იავრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას! გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს! თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი! მაგრამ ჯერ არ გინახავთ თავისი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი თეატრი! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს! შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა – რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება

საპენსიო სააგენტომ 2024 წლის დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, გასული წლის ბოლოს, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 582 ათასი ადამიანი იყო. მათივე ცნობით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 15 458-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი. „საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.1 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.43 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.3% და 12.8% იყო. აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო,“- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში. რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით: 1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას; 2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე; 3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

დავით დოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს 20 იანვრისა – არ გათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა - ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედავს და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ არ გინახავთ თეატრი, რომელიც ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი, ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს",- განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ბოლო სიახლეები