„ქართული ოცნება“ ძალიან საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, წინ ძალიან საინტერესო სამუშაო გველოდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა.
„ბუნებრივია, თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქციაა თავმჯდომარისთვის ხელის შეწყობა, პარტიის მუშაობის ორგანიზება, სტრუქტურების გაძლიერება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადაწყვიტა, მედიის შემდეგ, საქმიანობა პოლიტიკაში გაეგრძელებინა.
„სიმართლე გითხრათ, როცა მივიღე შემოთავაზება, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. მე ტელევიზიიდან წავედი ივნისში და შემოთავაზება პარტიიდან, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან, მაია ცქიტიშვილისგან იყო დაახლოებით ერთ თვის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე გახდა.
