დასრულდა საბავშვო ევროვიზია 2025. რასაკვირველია, პირველ რიგში წარმატება უნდა მივულოცოთ ჩვენს უნიჭიერეს ოქროს ანიტას, რომელმაც საქართველო ღირსეულად წარადგინა მსოფლიო ასპარეზზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
მაღლაფერიძის თქმით, ასევე დიდ ქებას იმსახურებს პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც მოამზადა ანიტა ამ წარმატებისთვის და რომლის დამსახურებითაც საქართველო საბავშვო ევროვიზიების მუდმივი ფავორიტია.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა არა მხოლოდ თავი გაართვა, არამედ ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოდ ჩაატარა ეს ურთულესი ღონისძიება და შემდგომი ევროვიზიებისთვის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია.
ქართველმა მენეჯერებმა, რეჟისორებმა, პროდუსერებმა და ტექნიკურმა მუშაკებმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და აჩვენეს, რომ საქართველოს გრანდიოზული ღონისძიებების მასპინძლობა და ჩატარება შეუძლია.
ევროვიზია არის ურთულესი შოუ, რომელიც პირდაპირი ეთერით 180 ქვეყანაში გადაიცემა და რომელსაც 70 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს. აქ ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი და მოძრაობა წამის სიზუსტით უნდა იყოს გათვლილი და დიდი მადლობა ეკუთვნის კულტურის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავიდან ბოლომდე მტკიცედ და გადამდები სიმშვიდით მართავდა ამ პროექტს.
დაბოლოს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს და მასთან ერთად თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავი შრომით და უძილო ღამეებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში და საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოაჩინეს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სთარინგ ჯორჯია“ და საქართველოს პირველი არხი.

