შაბათი, თებერვალი 8, 2025

ექიმები აცხადებენ, რომ ვინაიდან მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს, უნდა დარჩეს კლინიკაში და გაგრძელდეს მისი ადეკვატური მკურნალობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა კლინიკა „ვივამედში“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულეს.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ განაცხადა, ექიმების საერთო აზრია, რომ მზია ამაღლობელმა კლინიკის პირობებში უნდა განაგრძოს ადეკვატური მკურნალობა.

„მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი. მოგეხსენებათ, უკვე მერამდენე დღეა, შიმშილობის. როგორც დოკუმენტებს და ისტორიას გავეცანი, საავადმყოფოში გადმოყვანამდე იყო კიდევ უფრო მძიმე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას. პრაქტიკულად, ყველაფერი ტარდება, რათა შიმშილობამ მალე მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს. დღესდღეობით, არ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ყოფილიყო, მაგრამ ეს ალბათ დამსახურებაა კლინიკის, ჩემი კოლეგების, რომლებიც ადეკვატურად, დროულად, კარგად მკურნალობენ. მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი. ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ გარედან მოხმარება, რაც დღესდღეობით სრულიად ადეკვატურად ხდება, აღარ იქნება საკმარისი. ანუ, ადამიანი არ არის მექანიზმი, ისეთი მარტივი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და შემდეგ იმუშაოს. შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეიძლება, ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ“, – განაცხადა გიორგი გვილიამ.

გიორგი გვილიას კითხვა დაუსვეს, რა სახის ძვრებზეა საუბარი, რაზეც მან აღნიშნა:

„ძვრები ბევრნაირია, გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში. შეიძლება, თანდათანობით მოხდეს ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა. ამიტომ, მე მიმაჩნია და ჩვენი კოლეგები შევთანხმდით, მიგვაჩნია, რომ პაციენტი თუ აგრძელებს შიმშილობას, პაციენტის ინტერესებიდან, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და იქ გაგრძელდეს მისი ადეკვატური მკურნალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებში, ძალიან ყურადღების პირობებშიც კი, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა, დათვლილია, გამოთვლილია ეს ცვლილებები – რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ“.

ამასთან, როგორც გიორგი გვილიამ აღნიშნა, მზია ამაღლობელს აღენიშნება სისუსტე, თუმცა კრიტიკული ზღვარი ჯერ არ არის.

„საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ ძირითადი სასიცოცხლო ცვლილებები, კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები ჯერჯერობით დაწყებული არ არის. ესეც არის კლინიკის კარგი მკურნალობის შედეგი. მეტყველებს ჩვეულებრივად, სვენებ-სვენებით, ცოტა შენელებულად. მზია საკმაოდ ნიჭიერი ქალია, განათლებული და ალბათ უფრო ცოცხალი მეტყველება ექნებოდა. ემჩნევა, რომ მეტყველება ცოტა შენელებულია, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. პალატაში გადაადგილება შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულის, ფილტვის უკმარისობა, ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომ რაღაც უკმარისობაზე იყოს ეჭვი, თირკმლის უკმარისობა ჯერჯერობით დაწყებული არ არის, მაგრამ ამისი მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს. შესაძლებელია, რაღაც დროის შემდეგ, ეს ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება, საკმარისი აღარ იყოს. ახლა კრიტიკული ზღვარი ჯერ არ არის. გასტროენტეროლოგიური დაავადება რაც იყო მანამდე, ამას ჰქვია საყლაპავის ანთება, თავისი ეროზიებით, მესამე ხარისხის. საკმაოდ მძიმე დაზიანებაა საყლაპავის, თუმცა მისი მკურნალობა ადეკვატურად მიმდინარეობს. პაციენტი ადეკვატურად რომ იღებდეს საკვებს და იყოს ჩვეულებრივ ვითარებაში, ეს დაავადება მედიკამენტურადაც მორჩენადია. ამ ვითარებაში ძალიან გამიჭირდება პროგნოზი, მით უმეტეს, ისეთ წამლებს იღებს სხვა დაავადების გამო, რომლებიც ძალიან აზიანებს კუჭს, მიუხედავად იმისა, რომ კუჭის მკურნალობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გვილიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენ დღეში შეიძლება იყოს მდგომარეობა უფრო კრიტიკული, როდის შეიძლება, აღარ იყოს საკმარისი მკურნალობა, გიორგი გვილიამ აღნიშნა, რომ ყოველდღიური მონიტორინგია საჭირო და შემდეგ შეიძლება პროგნოზების გაკეთება.

„ცოტა ულოგიკო იქნება პასუხი, რადგან დღეების ხანგრძლივობა არ ვიცით არავინ. ყოველდღეა მონიტორინგი საჭირო და რაღაც ნიშნები რომ გამოჩნდება, შემდეგ შეიძლება პროგნოზირება. დავუშვათ, დღეს რაღაც მაჩვენებლები, კალიუმის, ცილის, კარგად არის, ხვალ შეიძლება, სხვანაირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობთ. ამიტომ, მგონია და ჩვენს კოლეგებსაც ჰგონიათ, რომ შიმშილობას თუ ვაგრძელებთ და ეს არის მისი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება, ალბათ უნდა გავაგრძელოთ კლინიკის პირობებში, სადაც ამის მეთვალყურეობა შესაძლებელია. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ამ წუთში რა ლაბორატორიული მაჩვენებლებია, ცვლილების სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გვილიამ.

რაც შეეხება ცვლილების სისწარაფეს ბოლო დღეების დღეების განმავლობაში, საკითხზე საუბრისას გიორგი გვილიამ განაცხადა, რომ „ცუდი იყო გადმოყვანამდე, თუმცა მდგომარეობა თანდათან, შედარებით გამოკეთდა და ჯერჯერობით სტაბილურია“.

ამასთან, კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახლა მიზანშეწონილია, მზია ამაღლობელი დარჩეს კლინიკაში.

„ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ ამბობს, უარესად ვიყავი და აქ ახლა უკეთესად ვარო. სისუსტე დამრჩა, მაგრამ იქ უფრო მეტი იყოო. ჩვენთან ერთად იყო ექიმი, რომელმაც ორჯერ ნახა დაწესებულებაში და ამბობს, რომ  სისუსტე ახლა უფრო მეტი აქვს, ვიდრე დაწესებულებაში ჰქონდაო. ანუ, ექიმის შეფასებით, სისუსტე აქ უფრო მეტია. დადის თუ არა პალატაში, ამის შესახებ რომ ვკითხეთ, გვითხრა, რომ ცდილობს, იაროს. აქ ძალიან ცოტას დავდივარო, დაწესებულებაში უფრო ვაქცევდი ამას ყურადღებასო. ცუდი ამბავი ისაა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნება დაწესებულებაში, რაც მიზანშეწონილი არ არის. ექიმი ვალდებულია, უთხრას, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ყველა თავის სპეციალობას ასრულებს და ექიმი, პირველ რიგში, უნდა ზრუნავდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, კატეგორიულად უთხრა, შეწყვიტე შიმშილიო, რაზეც უპასუხა, არ შევწყვეტ შიმშილობასო. ეს გასაგებია, მაგრამ შიმშილს თუ არ შეწყვეტს, უნდა იყოს დაწესებულებაში კონტროლის ქვეშ, რადგან ექიმები მოასწრებენ რეაგირებას, რათა შეუნარჩუნონ არა მარტო სიცოცხლე, ინვალიდიც რომ არ გაგვიხდეს მომავალში. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად, სწორად. გაინტერესებთ, რა დროს რა გართულება შეიძლება მოხდეს – არავინ იცის. თქვენ მომცემთ გარანტიას, რომ დილამდე ემბალია არ დამემართება? ამიტომ, შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა დროს, რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, რადგან საკვებს არ იღებს. ერთადერთი, რაც ცოტა მამშვიდებს, არის ის, რომ არ აქვს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის დაავადება აქვთ, სულ აქვთ ვიტამინების დეფიციტი. ამიტომ, ახლა შეიძლება, უკეთესად იტანს ორგანიზმი, ვიდრე გადაიტანდა იმ ადამიანთან, ვისთანაც იქნებოდა სწრაფი ვარდნა. ვთხოვეთ, რამდენიმე დღე დაგვიჯეროს ექიმებს და დარჩეს, რათა შევსება მოხდეს ორგანიზმის“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის, მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით ექიმთა ჯგუფი შექმნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან“ – ნიკა გვარამია

გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს დამარცხებულა“ - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:   „ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი:   1. რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა ენჯეოების, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა - რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც   2. დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსიობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია)   3. პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან;   4. ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ 1 თვეა; 5. პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არაა სწორი მათგან შეუძლებლის მოთხოვნა და, განსაკუთებით, განტევების ვაცის ძერწვა. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა;   6. კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს.   7. ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის.   8. გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს.   9. კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ“- წერს ნიკა გვარამია.

შალვა პაპუაშვილი – დავით აღმაშენებლის ცხოვრება არის მაგალითი, როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, ხილული თუ უხილავი მტრის...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოსი. „გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს! წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოსი. მისი ცხოვრება არის მაგალითი და შთამომავლობისთვის დატოვებული ისტორია, თუ როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა საკუთარი თავის სამშობლოსთვის სრული მიძღვნით, გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, გამთლიანება და ყველა ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება. დავით აღმაშენებელმა ყველაზე მკაფიოდ და წარმატებით განსაზღვრა ქვეყანა, როგორც მონარქისა და ეკლესიის ერთობა, გამთლიანებული ერით, მრავალფეროვანი სამეზობლო ურთიერთობებითა და ქრისტიანულ იდენტობაზე აგებული პოლიტიკით. საქართველოს ყველა თაობას, ნებისმიერ დროსა და ადგილას, გააჩნია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ აწმყოსა და მომავლის, არამედ ისტორიისა და წინაპართა წინაშეც. გილოცავთ ჩვენი წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარლამენტში არშესვლის იდეა რომ რაღაცნაირად კარგ იდეად ითვლება ოპოზიციურ ამომრჩეველში, ეს არის დიდი შეცდომა, პარლამენტის არსი არის ლაპარაკი

პრობლემა უფრო ფართოა, პოლიტიკურ სპექტრში ლაპარაკია აკრძალული, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ზოგადად, პოლიტიკა ხომ ლაპარაკს ნიშნავს, არა მუშტებით და არა იარაღით მოგვარდეს რაღაც ძალაუფლების საკითხი, ხომ? ზოგადად, ეს იმდენად აკრძალულია, რომ მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან, პარლამენტში არშესვლის იდეა რომ რაღაცნაირად, კარგ იდეად ითვლება ოპოზიციურ ამომრჩეველში, ეს არის დიდი შეცდომა. იმიტომ, რომ თავისთავად, თუ რამე არსი არსებობს და თუ რამე ლოგიკაა პოლიტიკაში, ესაა სიტყვიერი დაპირისპირება ერთმანეთთან და პარლამენტი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ეს ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, რომც არ გინდოდეს და ამის სურვილი არ გქონდეს. ამიტომ, როცა ოპოზიციამ და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, უარი განაცხადეს პარლამენტზე, რადგან რა მნიშვნელობა აქვს, თუ ოპოზიცია არ გყავს, გინდ პარლამენტში დაჯექი და გინდ პარტიულ ოფისში ხომ? პარლამენტი ვეღარ იქნება, თუ იქ ოპოზიცია არ არის. პარლამენტის არსი არის ლაპარაკი, ლაპარაკიდან მოდის და ვის უნდა ელაპარაკო, საკუთარ თავს? სარკეში ხომ არ ჩაიხედები? მაშინ იკარგება პოლიტიკის არსი და თუ პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ხალხის უკმაყოფილება ხომ არსად არ გაქრება და საბოლოო ჯამში, ეს უკმაყოფილება დაგროვდება, დაგროვდება და ღმერთმა იცის, რაში გამოიხატება, რევოლუცია იქნება, თუ რაღაც სხვა ტიპის პრობლემები სოციალური, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ პოლიტიკა იმიტომაც გვჭირდება, რომ ეს არ მოხდეს. ახლა, ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება ამას ნიშნავს, მაგრამ იმის წინა გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, იმავე შინაარსისაა, რომ ლაპარაკზე ვთქვათ უარი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის თემში, ალინჯაში, 38 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები, ხოლო სხეულის მარჯვენა მხარეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით მოკლეს მამაკაცი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ალენ ბერსე – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, თუმცა, დაადასტურა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ვალდებულება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალენ ბერსემ ირაკლი კობახიძესთან 3 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას „უცხოური გავლენის“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა. ბერსეს განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. „ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო ურთიერთშეთანხმებით 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. 20 იანვარს სამდივნომ გაგზავნა ოფიციალური წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. თუმცა, მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება, გააგრძელოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. გენერალურმა მდივანმა ასევე სინანულით აღნიშნა ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო. ახლა ამოცანა არის საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება. ევროსაბჭოს როლია, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის PACE-ის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი.

ბოლო სიახლეები