ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებების მერე, ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას – რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში, არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.

დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა.

„დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებების მერე, ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების, თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას, სიცრუეში შეყვანას და მითიური ვერსიების დაჯერებით საქართველოს დაზარალებას. არ გამიკვირდება, თუ ეს ადამიანები სტრასბურგის ვროპული სასამართლოს დარად ეუთო/ოდირზეც იტყვიან რომ არის რუსული და მისი ნდობა არ შეიძლება.

ჩემთვის ევროპა ალბერ კამიუ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია, ამათთვის კი იუკნევიჩიენეა თავი და აუსტრევიჩუსი ბოლო. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად ესეც არის არის ერთი არსებითი სხვაობა ჩვენს შორის.

რაც შეეხება პია კაუმას შეფასებას, რომელიც ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა: საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა შევთავაზე…. …..არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა”, – წერს რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე. შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, განსაკუთრებით, სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ქცევის კორექციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის. მხარეები შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, ნიკო თათულაშვილი

ზურაბ ქადაგიძე რუსეთში ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელ ქართულ ბიზნესზე: რა განსხვავებაა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი, ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით,...

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელი იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ "80-იანი წლების სპეკულანტებს" უწოდებს. ქადაგიძის თქმით, ე.წ. მეამბოხე ბიზნესსა და ელენე ხოშტარიას შორის განსხვავება არ არსებობს, ვინაიდან, ისინი ერთი მხრივ წარმოაჩენენ, თითქოს, ყველაფერ რუსულს ებრძვიან, მეორე მხრივ კი, "კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში." "80-იანი წლების "სპეკულანტები" არიან, არაფერი აქვთ საერთო, პატიოსან ბიზნესთან. ამათაც ისე არ ეცოდინებათ, საკუთარი პროდუქცია, როგორ მოხვდა რუსულ ბაზარზე, როგორც ჭყონიას. რუსულ ბაზარზე, რომ პროდუქცია შეიტანო, მინიმუმ ორი(განსაკუთრებული) აუცილებელი დოკუმენტია საჭირო : 1• წარმომავლობის დამადასტურებელი. 2 • ხარისხის დამადასტურებელი. ორივე დოკუმენტს ადგილზე, საწარმო გასცემს. ანუ - როგორც ჩვენებურმა ელტონ ჯონმა არ იცის, საიდან მოხვდა ქართული "კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე, ისე არ იციან სხვა დანარჩენებმაც! რა განსხვავებაა ლяკა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი - ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლულები რუბლებში. მოკლედ, ვანო მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ სინდისი, როცა გიყროლდება, იმას არაფერი შველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტი დროებით დაიხურა

მოსკოვში და მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება. შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს. "სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.    

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები