ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მსგავს ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს.
„ესპანეთი არასოდეს მიიღებს დროებით ზომებს. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ახლა“, – განაცხადა რობლესმა.
ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს, რომ ომი, ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად, უნდა დასრულდეს.
„ჩვენ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ან ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალბარესმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, მათ შორის არის გერმანია, იტალია და საბერძნეთი.

