ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა.
- საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა.
- კაპიტნის სამკლავური პირველად გაიკეთა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების 26-ე კაპიტანია.
- გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა.
- გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.
მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა.
ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.
ტაიმის ბოლოს ბარსეგიანმა სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი კარს ააცილა და საქართელოს ნაკრები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0.
საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.