მძიმე ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე, რომელმაც მეუღლე დაკარგა დედამთილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,ბევრი მწერს და მეკითხება როგორ არის ჩემი დედამთილი, როგორ უნდა იყოს დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა…
ერთადერთი შვილი ჰყავდა ისიც სიმწრით გაზრდილი, მისი იმედი, მისი ძალა, მისი ცხოვრების აზრი და ეს ყველაფერი დაკარგა. მაგრამ ამ ტკივილში ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვუჭერთ ხელს…
ერთმანეთით გადაგვაქვს ის, რაც არცერთმა დედამ და არცერთმა ადამიანმა არ უნდა გადაიტანოს.
ასმუნია 4 წლის წინ გავიცანი. პირველივე დანახვაზე ეტყობოდა როგორი გულის ადამიანი იყო, მაგრამ ბაჩოს ამბის შემდეგ მივხვდი თუ რამხელა დიდი გული ჰქონია.
როცა მე საავადმყოფოში ვიწექი, თავის ერთადერთ შვილს ზალაში ტოვებდა დასვენებულს და ჩემთან მოდიოდა რეანიმაციაში…
შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია,
არაფერი მეფიქრა ცუდი, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საზიანო იყო. მაცინებდა მაშინ, როცა თვითონ ყველაზე მეტად სტკიოდა. მამშვიდებდა მაშინ, როცა თავად იყო დასამშვიდებელი.
როცა ბაჩოზე ვეკითხებოდი რას ჭამდა, როგორ ეძინა უჩემოდ, რითი გაჰყავდა დრო ისე მიყვებოდა, იმდენად დამაჯერებლად მიყვებოდა რომ ვერაფერ ცუდს ვერ ვიფიქრებდი მაგ მომენტში. ბაჩოს ამბავის გაგების შემდგომ მივხვდი, იმ წუთებში საკუთარ გულს და გულის ტკივილს მალავდა, რომ მე ცუდად არ გავმხდარიყავი და ჩემი გული არ დამემსხვრია. რამხელა გული უნდა ჰქონდეს დედას, რომ საკუთარი ერთადერთი შვილის ტკივილი გულში ჩაიკეტოს და რძალს დაუდგეს გვერდში…
ასმუნიაზე დედამთილივით არასდროს შემიხედავს, თავიდანვე დაქალებივით ვიყავით
და დღეს ეს სიტყვა (დედამთილი) საერთოდ აღარ არსებობს.
ასმუნია ჩემთვის უბრალოდ დედამთილი არ არის ის ჩემი მეორე დედაა…და ბაჩოს შემდეგ, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი. ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვიტყვი ჩემი დედუნიას ნაირი ქალი, სახელად „დედა“, არც არასდროს დაბადებულადა ვერც ვერასდროს იარსებებს…“ – წერს ლიკა კუჭუხიძე.

