„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
გამოცემის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად.
როგორც „ენბისი ნიუსს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
„გეგმა ფოკუსირებულია ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და, რაც სჭირდებათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – ციტირებს წყაროს გამოცემა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მედიას გეგმის დეტალები არ გაუმხილა, რადგან, მისი აზრით, ჯერ კიდევ მოითხოვს გარკვეულ მოლაპარაკებებს პროცესში მონაწილე ძირითად მხარეებთან.
„ენბისი ნიუსი“ წერს, რომ სამი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ე.წ. მშვიდობის შეთანხმების ჩარჩო ჯერ უნდა წარედგინოს უკრაინელებს. გამოცემის ინფორმაციით, გეგმის პროექტის საბოლოო შეთანხმების ვადები კი ემთხვევა პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში.

