საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან RTP-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, თუ ევროპას უნდა უფრო დიდი ავტონომია თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხში, მაშინ მისმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ამის განხილვა.
„ჩემს კოლეგებს თუ სურთ უფრო დიდი ავტონომიისკენ და შეკავების შესაძლებლობებისკენ სვლა, მაშინ ჩვენ უნდა გავხსნათ ეს დისკუსია. ეს არის ღრმად სტრატეგიული საკითხი. ის მოიცავს ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ კომპონენტებს, თუმცა მე მზად ვარ, გავხსნა ეს დისკუსია“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ყოველთვის შეიცავდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ევროპულ განზომილებას.
ამავე ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინია, რომელიც მესამე მსოფლიო ომს თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.
„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, მისი სახელი ვლადიმირ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანაული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – აღნიშნა მაკრონმა.