ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღო, რადგან გლობალურად კონფლიქტების ბირთვული იარაღით გადაჭრის რისკი იზრდება.
„ამჟამად ჩვენ განვიცდით გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს, რომელიც სავსეა რისკებით. საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2020 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, რადგან საფრანგეთის კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას.
მისივე თქმით, შემაკავებელი ელემენტი უნდა გაძლიერდეს და, ახალი გამოწვევების აღიარებით, საფრანგეთს მოუწევს თავისი ბირთვული არსენალის გაზრდა.

