მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია, მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის პასუხებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია.
„მომდევნო დღეებში ირანთან ბირთვულ საკითხზე ეფექტური მოლაპარაკებების დაწყება რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, უნდა ავიღოთ ვალდებულება. მოდით, ვიყოთ გულახდილები, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია. ვერავინ იტყვის, რომ ის კონტროლის ქვეშაა და ესკალაციის რისკები, მათ შორის უკონტროლო ესკალაციის, აშკარად არსებობს. მომდევნო საათები და დღეები უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება რისკებს, ახლა ყველაზე უარესის აღწერას არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით და აშკარაა, რომ ირანის პასუხებიდან გამომდინარე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი გააგრძელებს ოპერაციებს ირანის ტერიტორიაზე, ჩვენ ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, რომელთა შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია. ირანმა წარსულშიც აჩვენა, რომ მას შეუძლია ტერორისტული ქმედებების განხორციელება უცხო მიწაზე. ირანს აქვს ბალისტიკური შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის მიწამდე მისვლა და ის ამ მხრივაც საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.