საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მაკრონი წერს, სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაზე დარტყმები და განაახლოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს. მძევლების გათავისუფლება და ისრაელის უსაფრთხოება საფრანგეთისთვის პრიორიტეტია. მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტას. ასევე განვუცხადე, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, სატელეფონო საუბრისას ასევე მოუწოდა ისრაელს, „მკაცრად დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში“. ამასთან, ემანუელ მაკრონის განმარტებით, ლიდერები შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ ისრაელსა და ლიბანს შორის სტაბილურობის მისაღწევად. „საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას ისრაელთან“, – წერს მაკრონი.