შაბათი, აგვისტო 16, 2025

ემანუელ მაკრონი – აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, ვიდრე აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება ხანგრძლივი მშვიდობა

არსებითია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, ვიდრე მისი აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აუცილებელია ბოლო 30 წლიდან გაკვეთილის გამოტანა, მათ შორის რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით.

„ამ შეხვედრის დასასრულს ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსია ჩემს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, ვიდრე მისი აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს; რომ ნებისმიერ ხანგრძლივ მშვიდობას თან უნდა ახლდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები. ამ მხრივ მივესალმები შეერთებული შტატების მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ ამერიკასთან და მსურველთა კოალიციის ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებსაც მალე კვლავ შევხვდებით კონკრეტული პროგრესის მისაღწევად. ასევე, აუცილებელი იქნება გასული 30 წლიდან ყველა გაკვეთილის გამოტანა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის კარგად ჩამოყალიბებული ტენდენციიდან“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერები გააგრძელებენ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მჭიდროდ მუშაობას ინტერესები დასაცავად, ერთიანობისა და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით.

„საფრანგეთი მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შეხვდა.პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, რომელიც თბილისში ტარდება.მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.„დიდად ვაფასებთ ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. ჩვენ გვჯერა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა არის ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.ევროპელი ლიდერების განცხადებით, დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა მათ და პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტთან ალასკაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.ევროპელი ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად, რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, „შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება“. პრეზიდენტ ტრამპის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება. ჩვენ, ასევე, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გასამართად ევროპის მხარდაჭერით.ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ-ი მზადაა, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. „მსურველთა კოალიცია“ მზადაა, აქტიური როლი შეასრულოს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობას; არ შეიძლება, რუსეთს ჰქონდეს ვეტო-ს უფლება უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე; უკრაინაზე უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება თავის ტერიტორიაზე; საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება.ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე, ვიდრე არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს“, – ნათქვამია ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უკრაინული გამოცემა – რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აშშ-ი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგს სთავაზობს

რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აშშ-ი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგს სთავაზობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედიასაშუალება იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს საკითხი ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენა, პუტინმა კი ეს იდეა მოიწონა.„უნიანის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებთან დაკავშირებით წინადადება უკრაინის პრეზიდენტს წარუდგინა.როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, ერთ-ერთი ასეთი გარანტია შეიძლება, გახდეს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი ვალდებულება, თუმცა ამ გარანტიას უშუალოდ ნატო არ უზრუნველყოფს.„უნიანის“ წყაროს მტკიცებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია, თუმცა ალიანსის ჩართვის გარეშე, „პუტინთან შეთანხმებულია“.როგორც „უნიანს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, აშშ და ევროპული ქვეყნები მხარს დაუჭერენ „მეხუთე მუხლის ტიპის“ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მონაწილეობის გარეშე.ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

შალვა პაპუაშვილი – პუტინი დაეთანხმა ტრამპს, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, თუ აშშ-ის პრეზიდენტს ჰქონდა ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს...

დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი. ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ აშშ-ის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა „სწრაფვა მშვიდობისკენ“, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი. ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა. მანამდე კი იყო სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაც, რომ უკრაინის ომი ე.წ. პროქსი ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა – მარიონეტები.არ დაგვავიწყდეს, რომ ომამდე ხუთი თვით ადრე, როდესაც უკვე ნათელი იყო, საით მიდიოდა საქმე, რეფერენდუმად გამოცხადებული 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის უცხოურმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა ძალადობრივი სცენარით ხელისუფლება შეეცვალათ.დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი – სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც „შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე“, „ბომბების წვიმაზე“ და „ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე“ უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს, ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს.„უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.ამასთან, როგორც პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს.„ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმებები უკრაინის პრობლემის გადაჭრისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის საყრდენ წერტილად იქცევა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კიევი და ევროპა დაბრკოლებებს არ შეუქმნიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს.ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

ბოლო სიახლეები