პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ელინა ვალტონენი პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.
„ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე“, – წერს ელინა ვალტონენი.