პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

ეკა ხერხეულიძე – ეს რა ვნახეთ, მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, 40 პროცენტის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია საერთოდ ამოუღიათ სიიდან

ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ხერხეულიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში ეწურებოდა და მიაჩნია, რომ წევრები ელექტრონული მეთოდით უნდა აერჩიათ.

ეკა ხერხეულიძის შეფასებით, მიღებული წესი მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე.

„მოკლედ, „ცვლილებებით“ შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც ორი წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა „მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ“..რომ არ დარჩენილიყო კითხვა, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ „ცვლილებებით ანთებულები“ პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ-ს ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა: 52 პროცენტი ხაბეიშვილი, 40 პროცენტი მელია და შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვებულს.

მოგეხსენებათ, მარტში უფლებამოსილება ეწურებოდა პოლიტსაბჭოს. მიგვაჩნდა და მიმაჩნია, რომ წევრების არჩევა ელექტრონული მეთოდით უნდა მომხდარიყო. პატივს ვცემდით ჩვენივე პარტიის ისტორიას, როგორც ხელისუფლების გადაცემის პრეცენდენტულობის წესად დანერგვას, თუმცა ვნახეთ, რომ პირიქით მოხდა. ასი ნაბიჯით უკან დავიხიეთ.

დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ, უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ შეცდომების მიზეზიც ეს არისთქო და, ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები.

თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40 პროცენტის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლიუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40 პროცენტს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ „დამსახურების მიხედვით“ და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს, დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხის და მისთანების დაკომპლექტებით.

სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ საერთოდ?

ამავე გაგების დამსახურებით პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია. სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ „დამსახურებული“ ხალხი, მათ შორის ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან – ზურა მელიქიშვილი (ენმ-ს დამფუძნებელია, სხვათაშორის), ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიარი, გიორგი პატარაია..

ცხადია, მე ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა.

როგორც მოგახსენეთ, მოუგონიათ „ახსნადი“ კვოტები. ანუ, აქამდე ენმ-სთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, მაგ. არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლიდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?!

წესით, ხვალ, მიშას სასამართლოს მერე დავწერდი ამას, „არასანდო“ მეგობრების რომ არ მრცხვენოდეს.

„ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა“ – იმათ ტვინში ჩანახედა, ვინც ეს დაიჯერა, თუმცა მოგვიანებით, როცა ვნებები დაცხრება, მატარებელი კარგა ხნის ჩავლილი იქნება“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნათია თამაზაშვილი – საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია შედეგი, რაც მივიღეთ და ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომა გაიხსნა – სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი წნეხის დამსახურებით გაიხსნა.როგორც თამაზაშვილი განმარტავს, ყოფილი პრემიერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.„სიმართლე გითხრათ, გახსნასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ გასულ სხდომაზეც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით დახურვას. ვფიქრობ, საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და სხდომა გაიხსნა”, - აცხადებს თამაზაშვილი.ამასთან, ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი."მე ვერ გეტყვით რა შეიცვალა, ამას ალბათ შემდეგი სხდომები გვიჩვენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს სასამართლო პროცესები შედეგს მოიტანს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა თამაზაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

შიო მესამე – მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.როგორც პატრიარქის სამძიმარის წერილშია ნათქვამი, ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ. შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს. ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე – ოჯახებს...

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარებას გამოხატავენ“.განცხადებაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, შეუძენენ და გადასცემენ საცხოვრებელ ბინებს.“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მარია ზახაროვა – ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.მარია ზახაროვამ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილს შორის 19 ნოემბერს, მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ გააკეთა.მისი თქმით, მხარეებს შორის აღნიშნულ ფორმატში მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“ - აღნიშნა ზახაროვამ.

პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უზენაესი სასამართლოს მიერ, 14 წლით შეეცვალა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და 10,5 წლით...

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.„ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს, მის მიერ დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის.ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სასჯელის დამძიმების ნაწილში.უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და ალექსანდრე მუხაძეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით 1/4 -ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს. მეგის ქარდავა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულია და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები