საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები შეფასებულია საერთაშორისო ფინანსური თუ ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ როგორც დადებითი და ეს აისახება ჩვენს საკრედიტო მაჩვენებელში, როგორც სტაბილური, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია და ფაქტორია ინვესტორებისთვის, რომელთაც საქართველოს ეკონომიკა მიაჩნიათ საიმედოდ იმისათვის, რომ თავიანთი ფინანსური რესურსები დააბანდონ და აქედან ელოდონ მოგებას. ეს სწორედ ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის კარგ შედეგებზე მიუთითებს,-ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, ეს ტენდენციები მომდინარეობს იმ ფუნდამენტური რეფორმების ფონზე, რომელიც განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად არსებული ვალდებულებების შესრულებით.
„ჩვენ ყოველდღიურად ამ რეფორმების პირობებში ვცხოვრობთ და ამ რეფორმების შედეგად ხდება ეს პოზიტიური განვითარება, თუმცა ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს ეკონომიკაშია. უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა, ასევე ინფლაცია, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ყველასთვის.
თუმცა ვერ დავეთანხმები ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკაში არაფერი ხდება და ამ პრობლემებს არაფერი ეშველება. სწორედ ის დადებითი ტენდენციები არის ის ქმედითი და რეალური ნაბიჯები, რომელიც ამ პრობლემებს დაეხმარება და ამ პრობლემების აღმოფხვრის რეალური და კონკრეტული ნაბიჯებია“,-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.