ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ამ გეგმით ისინი შეეცდებიან, მოძებნონ რაღაც გამოსავალი, რადგან მათ, პირველ რიგში, თავიანთი თავი ჩაიგდეს უხერხულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ქმედებებით კავკასიის რეგიონში კარგავს ქვეყნებს. სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აუცილებლად უნდა გადასინჯოს მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებს.
„ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა საქართველოს საკითხი დადგა დღის წესრიგში. ფაქტობრივად, გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხია. მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებენ. საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. ვიდრე ჩვენი დელეგაცია გაემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე საქართველოში ჩამოსული იყო PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება და მომზადდა ანგარიში. ამ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა ჩვენი დელეგაცია, შსს მინისტრი, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ანგარიშში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა კი არ მოხდა. ეს მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ ანგარიში მოამზადოს ისე, რომ ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები არ გაითვალისწინოს. როდესაც ჩვენ შევეცადეთ ამ ანგარიშის შერბილებას და შევიტანეთ ცვლილებები მასში, თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მხარი არავინ დაუჭირა. კომიტეტზე დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო. დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა, დაეჭირათ მხარი თუ არა. ერთ-ერთი ჩვენ მიერ გაკეთებული შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ შესწორებასაც კი, რომელიც უბრალოდ იყო ფაქტის კონსტანტირება და რომელიც საქართველოსთვის და არამარტო ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მხარი არ დაუჭირეს. მათი არაკომპეტენტურობა და სურვილი, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ზიანი, თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი, პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.