სამშაბათი, აპრილი 7, 2026

ეკა დარბაიძე- გენდერული კვოტირების მთავარ დანიშნულებას ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდა წარმოადგენს

გენდერული კვოტირების მთავარ დანიშნულებას ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდა წარმოადგენს, ამის შესახებ პოლიტოლოგი ეკა დარბაიძე თავის ,,ფეისბუქ” გვერდზე  წერს

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

,,21 მარტს  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. გენდერული კვოტა წარმოადენს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისა და მათი წარმომადგენლობის ზრდის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმს, რომელიც შედეგს მცირე დროში იძლევა.  როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2017 წლის სექტემბერში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა შეიტანა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ხელი 37 455 ამომრჩეველმა მოაწერა. აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს გარკვეული ცვლილებების შეტანას საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარმოადგინონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს სწორედ იმავე სქესის, რიგით შემდგომი კანდიდატი მოიპოვებს.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც სხვადასხვა სააგენტოებზე დაყრდნობით, საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში განიხილება კანონპროექტის იმგვარი სახით ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ პროპორციულ სიებში ყოველი მესამე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის კი ყოველი მეექვსე. ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რას მოიტანს და რამდენად უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობას კანონპროექტის ამგვარის სახით მიღება.

საქართველოში არსებობს ე.წ. სისტემური კავშირი საარჩევნო სისტემასა და ქალთა წარმომადგენლობას შორის. წლების მნაძილზე საქართველოში ჩატარებული საკანონმდებლო, თუ ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით შესაძლოა დავასკვნათ, რომ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, პროპორციული საარჩევნო სისტემით პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაცილებით მეტი ქალი იქნა არჩეული, ვიდრე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ დასავლურ დემოკრატიებშიც კი, მაჟორიტარული სისტემა ნაკლებ შანსს უტოვებს ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად და ერთადერთი გზა მათი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად არის მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემა, სწორედ ამიტომაც არის, რომ გენდერული კვოტა ძირითადად პროპროციულ სიებშია გამოყენებული. როგორც წესი, მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში ისეთი კანდიდატების რეკრუტირება ხდება პარტიების მიერ, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ თემსა თუ საზოგადოებაში, რომელთაც გააჩნიათ სერიოზული კონტაქტები და რესურსები – ხშირ შემთხვევაში კი ასეთი მაჟორიტარი კანდიდატები  მამაკაცები არიან. თუ კანონპროექტის განხილვა და შემდგომ მისი ამ ფორმით მიღება მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ფორმალურად დააკმაყოფილებენ კვოტირების სავალდებულო მოთხოვნას და დაასახელებენ ქალ კანდიდატებს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია, რომ პარტიებმა ეს ქალები  დაასახელონ „ნაკლები შანსის მქონე“, ან საერთოდ „არა გამსვლელ ოლქებში.“ ამასთანავე აბსოლუტურად მიუღებელია ის პრინციპი, რომელიც მაჟორიტარებს შორის ყოველ მეექვსე კანდიდატად გულისხობს ქალს, რადგან აღნიშნული პრინციპი ჩანასახშივე არღვევს და ეწინააღმდეგება დემოკრატიის უმთავრეს – თანასწორობის პრინციპს და ხელს შეუშლის ქალთა წარმომადგენლობის ზრდას საკანონმდებლო დონეზე.

თუ უგულებელყოფილი იქნება 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ მხადაჭერილი მოთხოვნა და ინიციატივა, რომლის მიზანს ქალთა წარმომადგენლობის 25%-დე ზრდა წარმოადგენს, და მოხდება კანონპროექტის ამ სახით მიღება, მაშინ გენდერული კვოტირებას დანერგვას ქართულ პოლიტიკურ სისტემაში მხოლოდ ფორმალური სახე ექნება და გვერდზე დაგვრჩება ძირეული მიზანი, გავზრდოთ ქალთა წარმომადგენლობა  პოლიტიკაში”-განაცხადა ეკა დარბაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.გამოცემის ცნობით, ირანის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში 2000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.როგორც ცნობილია, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერას გამოუცხადებს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტს უწოდა დადასტურება, რომ ვაშინგტონისა და ბუდაპეშტის ურთიერთობებში ახლა „ოქროს ხანაა“.მისივე ცნობით, დღეს დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია, გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში უნგრეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა.

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.„გროზნის შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის ორგანიზაცია და მისი 29 ფილიალი ევროპის 14 ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალა“, – ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.რუსული მედიის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დივერსიულ და ტერორისტულ თავდასხმებში, ასევე რუსი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. აჰმედ ზაკაევი სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

გია ვოლსკი – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ პროექტში საქართველოს საკვანძო ქვეყანაა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს.„სამწუხაროა, რომ ეს მაშინ არ გაითვალისწინეს, როცა ევროკავშირმა ამ საკითხებზე შეხვედრა ჩაატარა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიიწვია და საქართველოს უთხრეს, რომ თითქოს, აქ დემოგრაფიის უკუსვლაა და ამ თემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში უფრო მეტს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. ეს არის გარანტია მშვიდობის და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები