ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაურის თქმით, ძალიან აშკარაა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.
მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ქვეყანა იზოლაციაში არ იყო.
„ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. ჩემი აზრით, აქ ალბათ მაინც საუბარი იმაზეა, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „ოცნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავეს აკეთებდა, მაგალითად, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს ის გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მისი მხარდაჭერითაც და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში. ის არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე იდგა „ქართული ოცნების“ სათავეებში. 2012 წელს ის იქ იყო და კობახიძე მახსოვს, ჩემთან ოფისში დადიოდა, გაერო-ს ექსპერტი, თუ რაღაც იყო. არ ვაქებ და ნამდვილად მან დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თვითონ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უფრო მისიანია, ვიდრე დღევანდელი მათი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ეს ყველაფერი ალბათ შიგნით არის სანერვიულო, მათ შორის კობახიძისთვისაც, რადგან, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებდა ადამიანი, მაგრამ იზოლაციაში ქვეყანა არ ჰყავდა. ახლა ამათ ხელსაც არავინ ართმევთ – სანქციები, ბევრი რაღაც მოხდა. მგონია, რომ ეს არის შიგნით უკმაყოფილების, ეჭვიანობის საგანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.