პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ეკა ბესელია – სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება – გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კოორდინირებული, წინასწარ დაგეგმილი იყო და ამ ეჭვს ადგილზე პოლიციელების არ ყოფნაც უმყარებს.

„გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იყო ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც წინასწარ კოორდინირებული იყო, ეს კი მძიმე კატეგორიის დანაშაულია. გუშინ არ ყოფილა არავითარი გამოხმაურება, ამიტომ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე კამერების ჩანაწერები. ასევე, მოკლე ვიდეო ჩანაწერი გადაიღო პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა, საიდანაც რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ.

ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილიც. მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს.

დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, შეამჩნიეს ეს პირები, თუმცა, როცა პოლიცია უნდა გაეფრთხილებინათ, იქ ისინი არ იყვნენ.

თუკი არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ვგეგმავთ, რომ შესაბამის ყველა უწყებას პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მივმართოთ. განმარტებას ასევე აეროპორტის ადმინისტრაციისგანაც ველოდებით.

კომპლექსურად ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი მსგავსი ფაქტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი 18 თებერვლის გამთენიისას მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

გთხოვთ გავავრცელოთ, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ეძებენ ახალგაზრდას, იაკობი ჰქვია. სავარაუდოდ, ისეა ჩაცმული, როგორც ფოტოზე. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ უკავშირდება, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დასთან. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას“, – წერს ყაველაშვილი.  

ბოლო სიახლეები