„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
ბესელიამ ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული რეპრესიული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მიღწევა მათ არ გამოუვათ.
„მიუხედავად არსებული არანორმალური პოლიტიკური ვითარებისა, არ ვფიქრობ რომ მათ ეყოფათ გამბედაობა, რომ სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი ლეგიტიმაცია მოჰყვება და აქვს. უნდათ, რომ გარკვეული რეპრესიები განახორციელონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას შეძლებენ. მეორე მხრივ, სახიფათოა ის მიდგომა, რომელსაც გვაჩვევენ. თავად ცდილობენ, რომ არსებული უსამართლო სისტემის ლეგიტიმაცია თავს მოგვახვიონ, მიუღებელი კანონების, გამოხატვის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვის. ლეგიტიმურს ხდიან გაუნათლებლობას, უღირსობას და უკულტურობას. საზოგადოებას აჩვევენ იმას, რაც მიუღებელია“,- განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, რატომ ვერ დააკისრებენ სალომე ზურაბიშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივად შეუძლებელია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციები გამოხატვის თავისუფლებას უმაღლესი სტანდარტით იცავს, რის გამოც ვერც ერთი ქვედა იერარქიის მქონე კანონი ვერ იქნება მათზე მაღლა მდგომი.
„არ შეიძლება. როგორც იურისტი გპასუხობთ, რომ არ შეიძლება. თუ ამ არანორმალურ იდეას ჩაწერენ რომელიმე ნორმაში, ის ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი. კონსტიტუცია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. უფრო მაღალი კანონი – კონსტიტუცია და კონვენციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. იერარქიით ქვედა მდგომი კანონი, რომელსაც ახლა ჭრიან, ნორმად აქცევენ, ის მაინც იქნება უკანონო. ამიტომ, მე გავაგრძელებ იგივე ლექსიკონით საუბარს შეფასებით ნაწილში, რადგან მიმაჩნია გამოხატვის თავისუფლება არის მაღალი სტანდარტით დაცული“,- აცხადებს ბესელია.
ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ფლობს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული, მაშინ როდესაც პარლამენტს ეს ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ბესელიამ აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია ნიშნავს ხალხის ნდობას და იმ პირობებში, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და საზოგადოება ინსტიტუტებს არ ენდობა, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე საუბარი შეუძლებელია.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია არის ნდობა. არც პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია. თუ არჩევნები გაყალბებულია და ხალხი არ ენდობა, როგორ აქვს მას ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაცია არის ნდობა. წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე. მან დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ არ მოჰქცევია “,- აცხადებს ბესელია.
ბესელიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ღარიბაშვილის ადვოკატი დაუკავშირდა.
მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს მონახულებას გეგმავს, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
„ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი შემეხმიანა. ჩემი შვილის ისტორიის და რთული დღეების გამო სოლიდარობის გამო შემეხმიანა. გამომიცხადა ადამიანური და კოლეგიალური სოლიდარობა. ვუთხარი, რომ ვაპირებ მონახულებას, როგორც კი შევძლებ. ზუსტად არ ვიცი თარიღი“,- აცხადებს ბესელია.

