აჭარაში მობილიზიებულია 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, იმისთვის რომ მოხდეს კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პროტოკოლის თანახმად პაციენტების ნაწილი, რომელსა სიმპტომები არ აქვს, მკურნალობას სასტუმროებში გაივლის. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პაციენტის მიკვლევადობა და მათზე მონიტორინგი იქნება უწყვეტი და იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი პაციენტის დაბრუნება გახდება კლინიკაში საჭირო“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ასევე იგეგმება პროცესში პირველადი ჯანდაცვის უფრო აქტიური ჩართვა და კოვიდინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა.
დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.