საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ოლიმპიურ კომიტეტს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის და აღნიშნა, რომ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება, ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელიც ჩემ უკან დგას. მაშინაც კი, როცა შედეგები არ მქონდა, ბატონი ლერი (ხაბელოვი) ყოველთვის მამხნევებდა, მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევდი.
შევეცდები, 2028 წელს საუკეთესო ფორმაში შევხვდე და მოვიპოვო ნანატრი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე. თავდაუზოგავად ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2028 წელი ისეთივე წარმატებული იყოს ჩემთვის, როგორიც ეს წელი იყო“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
ეთერ ლიპარტელიანთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც მიიღო.

